საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოეწყო ტექნოლოგიური ბანაკი კურორტ ცემში

17.12.2023

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ინჟინერიის დეპარტამენტის ორგანიზებით 15–17 დეკემბერს კურორტ ცემში, სასტუმრო „მთის კურორტი განთიადი“-ში გაიმართა ტექნოლოგიური ბანაკი.

ბანაკის მიზანი იყო კომპიუტერული ინჟინერიისა და ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერიის სტუდენტებისთვის ტექნოლოგიური პროექტების მომზადებისა და ეფექტიანი წარდგენის უნარების განვითარება. პროგრამა აერთიანებდა თეორიულ სესიებს, პრაქტიკულ სამუშაოებსა და გუნდურ აქტივობებს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა რეალურ ამოცანებზე ემუშავათ.

ტრეინინგებს უძღვებოდნენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორები კახაბერ თავზარაშვილი და ირაკლი ნოსელიძე, ასევე Idealab-ის ელექტრონიკის ლაბორატორიის ლაბორანტი ნიკოლოზ ბოქოლიშვილი. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები პროექტების დაგეგმვის, ტექნიკური განხორციელებისა და პრეზენტაციის სტრატეგიების შესახებ.

ტექნოლოგიურმა ბანაკმა შექმნა თანამშრომლობითი და ინოვაციური გარემო, სადაც სტუდენტებმა გაიღრმავეს პროფესიული ცოდნა, განავითარეს გუნდური მუშაობის უნარები და მიიღეს ღირებული გამოცდილება მომავალი საინჟინრო საქმიანობისთვის.