Technovation Girls Georgia 2026 ბაკურიანში გაიმართა

25.08.2026

2026 წლის 21–25 აგვისტოს, ბაკურიანში გაიმართა Technovation Girls Georgia 2026, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული უფროსკლასელი გოგონების გუნდები მონაწილეობდნენ.

ბანაკის ორგანიზატორი იყო პროფესორი ნანა დიხამინჯია. რამდენიმე დღის განმავლობაში მონაწილეები დაესწრნენ ლექციებსა და პრაქტიკულ ვორკშოფებს ხელოვნური ინტელექტის, ბლოკჩეინის, კვანტური ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების, მეწარმეობისა და Arduino-ს მიმართულებით.

პროფესორმა კახაბერ თავზარაშვილმა ჩაატარა ლექციები თემებზე:
🔹 „ჭკვიანი მოწყობილობების ფიზიკა“
🔹 „ბლოკჩეინი — ტექნოლოგია ნდობისთვის“
🔹 „ხელოვნური ინტელექტი — სწავლობს, ფიქრობს და ქმნის“

ამასთანავე, კახაბერ თავზარაშვილმა პროექტის მონაწილეებს გააცნო Micro-GEAR პროექტის მიზნები და ძირითადი მიმართულებები და ესაუბრა მიკროკრედიტების სისტემაზე, როგორც თანამედროვე, მოქნილ და კომპეტენციებზე ორიენტირებულ მიდგომაზე განათლებაში, რომელიც მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების მეშვეობით კონკრეტული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებასა და აღიარებას უწყობს ხელს.

პროფესორმა ირაკლი ნოსელიძემ კი მონაწილეებს კვანტური ტელეპორტაციის საინტერესო სამყარო გააცნო.

ბანაკი გამოირჩეოდა მეგობრული, ინტერაქტიული და შემოქმედებითი გარემოთი — ახალი ცოდნით, გუნდური მუშაობით, საინტერესო დისკუსიებითა და ახალი მეგობრობით.

ტექნოლოგიები, მეცნიერება, ინოვაცია და ახალგაზრდების ენერგია — სწორედ ეს ქმნიდა Technovation Girls Georgia 2026-ის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.