STEAM ბანაკი

15.08.2026

27 ივლისიდან 15 აგვისტომდე, კაჭრეთში ჩატარდა 🚀 STEAM ბანაკი, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე ახალგაზრდა გააერთიანა. ბანაკში მონაწილეობამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს არა მხოლოდ თეორიულად გაცნობოდნენ, არამედ ექსპერიმენტების, პრაქტიკული დავალებებისა და გუნდური პროექტების საშუალებით თავადაც ჩართულიყვნენ მრავალფეროვან აქტივობებში და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ. პროექტი დაფინანსებული იყო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, ხოლო ბანაკის ორგანიზებას Rethink ინოვაციების ცენტრი უწევდა.

GITA-ს STEAM ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა კახაბერ თავზარაშვილმა, რომელმაც ისაუბრა თემაზე: „ჭკვიანი მოწყობილობების ფიზიკა — გაზომვებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე“. შეხვედრის მთავარი იდეა იყო იმის ჩვენება, რომ თანამედროვე „ჭკვიანი“ მოწყობილობების მუშაობის საფუძველში ფიზიკის კონკრეტული კანონები და გაზომვის მეთოდები დგას. მოსწავლეებმა მოისმინეს, როგორ ზომავენ თანამედროვე მოწყობილობები სხვადასხვა ფიზიკურ სიდიდეს, როგორ გარდაიქმნება ეს გაზომვები მონაცემებად და როგორ გამოიყენება მიღებული ინფორმაცია ანალიზის, პროგნოზირებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. საუბარი შეეხო ასევე ზუსტ გაზომვებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებს და დროისა და სივრცის იმ განსაკუთრებულ თვისებებს, რომლებიც დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებში პრაქტიკულად გამოიყენება.

თემამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრა აქტიური კითხვებითა და საინტერესო დისკუსიით გაგრძელდა.